რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აუცილებელია, უნივერსიტეტებმა ყურადღება გაამახვილონ კვლევაზე, მაღალი ხარისხის ცოდნაზე, ვინც უნივერსიტეტებს თავისი იდეოლოგიის ეზოდ მიიჩნევს, არ სურს პრივილეგიების დაკარგვა
აუცილებელია, რომ უნივერსიტეტებმა ყურადღება გაამახვილონ კვლევაზე, ორიგინალური, მაღალი ხარისხის ცოდნაზე და ისეთი პროექტების შემუშავებაზე, რომლებიც აფართოებს თურქეთის ჰორიზონტს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მათ, ვინც უნივერსიტეტებს თავიანთი იდეოლოგიების ეზოდ მიიჩნევენ, მათ, ვინც უნივერსიტეტებში ფეოდალურ მმართველობას ამყარებენ, არ სურთ თავიანთი პრივილეგიების დაკარგვა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თურქულმა უნივერსიტეტებმა და პროფესორებმა განაგრძონ ლოკალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა და ამავდროულად, შექმნან გლობალური მნიშვნელობის ნაშრომები.
„მობილიზებული ვართ ყველა ჩვენი რესურსის გამოყენებით, რათა დავეხმაროთ ჩვენს უნივერსიტეტებს რეიტინგებში, განსაკუთრებით საერთაშორისო სიებში უფრო მაღალ ადგილზე ასვლაში. უნივერსიტეტების რაოდენობა 76-დან – 208-მდე, ხოლო აკადემიური პერსონალის რაოდენობა 70 000-დან 187 000-მდე გავზარდეთ. 23 წლის წინ განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მხოლოდ 7.5 მილიარდი თურქული ლირა იყო; 2026 წელს ამ მაჩვენებელმა სამ ტრილიონ თურქულ ლირას მიაღწია, უმაღლესი განათლების ჩათვლით. საერთო საცხოვრებლების რაოდენობა 2002 წელს არსებული 190-დან დღეს – 880-მდე, ხოლო საწოლების რაოდენობა 182 000-დან ერთ მილიონამდე გავზარდეთ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.