რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, დაძაბულობა გაამწვავოს
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოს, დიდი ხანია, სჭირდებოდა, საფუძველს ჩაუყრის ჩვენს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს.
ერდოღანმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი განვითარება უწოდა, რომელიც, მისი თქმით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ემსახურება.
„მკაფიოდ ვუსვამ ხაზს, რომ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდში თავიდან უნდა ავიცილოთ რიტორიკა, პროვოკაციები და ქმედებები, რომლებმაც შეიძლება, დაძაბულობა გაამწვავოს, ასევე ვიყოთ ფრთხილად შესაძლო საბოტაჟის მიმართ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პაკისტანს შუამავლობის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, ასევე შეერთებულ შტატებსა და ირანს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.
ამასთან, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კატარსა და საუდის არაბეთს დიპლომატიური ინიციატივების მიმართ მხარდაჭერისთვის.
„თურქეთი გააგრძელებს ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებისკენ ჩვენს რეგიონში და საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიაზე დაფუძნებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისკენ“, – წერს ერდოღანი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. პაკისტანში განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. მემორანდუმის ტექსტზე საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს თეირანშიც.
ABD ve İran arasında varılan mutabakatı, bölgemizde sulh-u sükûnun hâkim kılınması adına önemli bir gelişme olarak görüyor, memnuniyetle karşılıyorum.
Tüm dünyanın uzun süredir ihtiyaç duyduğu bu haberin bölgemizde kalıcı huzur ve güven ortamının tesisine vesile olmasını…
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) June 14, 2026