რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის მხრიდან საჭირო დახმარების გაწევის შემთხვევაში, თურქეთი ქაბულის აეროპორტის სამართავად მზადაა
თურქეთი მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ქაბულის აეროპორტის მართვა, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები საჭირო დახმარებას გასწევს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვიპროსის კუნძულზე, ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვიზიტისას განაცხადა.
„ავღანეთსა და რეგიონში ახალი ერა დგება. თურქეთის რესპუბლიკა აშშ-სა და ნატოს გვერდით დგას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მათ სურთ, რომ ქაბულის აეროპორტმა ფუნქციონირება გააგრძელოს.
ჩვენ ამას პოზიტიურად ვუყურებთ და ოფიციალურ ვაშინგტონთან დიპლომატიური, ფინანსური და ლოგისტიკური მიმართულებით რამდენიმე პირობა გვაქვს. თუ საჭირო დახმარებას გაწევენ, მზად ვართ ქაბულის აეროპორტის სამართავად“, – განაცხადა ერდოღანმა.