რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ადრე თუ გვიან, აშშ სირიიდან უნდა გავიდეს და ქვეყანა სირიელ ხალხს დაუტოვოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ადრე თუ გვიან, აშშ სირიიდან უნდა გავიდეს და ქვეყანა სირიელ ხალხს დაუტოვოს

აშშ ადრე თუ გვიან სირიიდან უნდა გავიდეს და ქვეყანა სირიელ ხალხს უნდა დაუტოვოს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის კოორდინატორი, ბრეტ მაკგერკი ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიული დანაყოფების ფაქტობრივი ხელმძღვანელია, რაც თურქეთს ძალიან აწუხებს.

„ძალიან მაწუხებს, რომ ეს კაცი ტერორისტებთან დადის მხარდამხარ იმ ტერიტორიაზე, სადაც მე მათ ვებრძვი“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, დიდი ოცეულის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სირიის საკითხზე გაესაუბრება და თურქეთის პოზიციას გააცნობს. ერდოღანის თქმით, ჯო ბაიდენთან „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ხელშეკრულებაზეც ისაუბრებს, რადგან ანკარამ ვაშინგტონს 1.4 მილიარდი დოლარი გადაუხადა, თუმცა აშშ გაყიდვაზე უარს ამბობს.

„ისინი ან მოგვცემენ ჩვენ თვითმფრინავებს, ან ფულს დაგვიბრუნებენ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სირიას, მთიან ყარაბაღსა და ავღანეთს. ერდოღანის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის რუსეთისგან შესყიდვასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობა გაგრძელდება. ასევე საუბარი შეეხო სამხედრო თვითმფრინავების, თვითმფრინავების ძრავების, გემთმშენებლობისა და წყალქვეშა ნავების საკითხებში შესაძლო თანამშრომლობასაც.