რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირისპირ შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი პირისპირ შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას მედიას განუცხადა.
ჩინეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ასევე ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილა. ერდოღანის თქმით, გასულ თვეებში რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნების სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ გზა ღია რჩება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ემხრობა „მოლაპარაკებების დონის ეტაპობრივად ამაღლებას“, რათა მშვიდობის იმედი კონკრეტულ შედეგებად იქცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა იყოს განხილული, თუმცა ამის პირობები ჯერ არ არის შექმნილი.