რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ცნობილი არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამოძიებას პირადად ადევნებს თვალს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ცნობილი არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამოძიებას პირადად ადევნებს თვალს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ცნობილი არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების გამოძიებას პირადად ადევნებს თვალს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet daily news-ი ავრცელებს.

თურქეთის ლიდერმა ხაშოგის ჟურნალისტი და მეგობარი უწოდა.

„რაც არ უნდა გაირკვეს, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ამას მსოფლიოს მოუყვება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მან ასევე მწუხარება გამოთქვა, რომ ეს ინციდენტი თურქეთში მოხდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გამომძიებლები ამჟამად სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

ცოტა ხნის წინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა, სავარაუდოდ მოკლეს.

ხაშოგი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა, უკანასკნელად საუდის არაბეთის საკონსულოში სამშაბათს ნახეს. როგორც თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, წინასწარი გამოძიების ცნობით, ის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტის მოსაძებნად მუშაობს.

ჯამალ ხაშოგი ამერიკულ გამოცემა Washington Post-თან თანამშრომლობდა. ის საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა ყოფილ ცოლთან განქორწინების შესახებ ცნობის ასაღებად, რადგან ჟურნალისტი თავის თურქ საცოლეზე აპირებდა დაქორწინებას.

ხაშოგის საცოლე აცხადებს, რომ საქმროს საკონსულოს გარეთ 11 საათის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა კაცი არ გამოსულა.

ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიებით არის ცნობილი.