რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 2016 წლის 15 ივლისს მილიონობით გმირი გამოჩნდა ქვეყნის ყველა კუთხიდან და ერის მომავალზე კვალი დატოვა
2016 წლის 15 ივლისს მილიონობით გმირი გამოჩნდა ქვეყნის ყველა კუთხიდან და ერის მომავალზე კვალი დატოვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სამხედრო გადატრიალებაში ჩართულ ადამიანებს პარლამენტის დანგრევა და პრეზიდენტის მოკვლა სურდათ.
„ზოგჯერ, ერთი გმირი ცვლის მთელი ერის ბედს. 15 ივლისს მილიონობით გმირი გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან და კვალი დატოვა ერის მომავალზე. პარლამენტზე თავდასხმა არ იყო შემთხვევითი არჩევანი. ისინი რომ ძლიერები ყოფილიყვნენ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ უყოყმანოდ დაანგრევდნენ პარლამენტს.
ისინი რომ ძლიერები ყოფილიყვნენ, უყოყმანოდ მოკლავდნენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ყველა აღმასრულებელს. სახელმწიფო გადატრიალების მოღალატეობრივი მცდელობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ თურქეთი იწყებს გამოჩნდეს, როგორც ძალა, რომელიც არსებულ უსამართლო გლობალურ სისტემასთან წინააღმდეგობაშია“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში თურქეთის მთავრობა მუსლიმ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.