რეგულირების სააგენტოს დირექტორი - „იმედის“ კლინიკა არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა, პაციენტის დამძიმებისას პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა
რეგულირების სააგენტოს დირექტორი - „იმედის“ კლინიკა არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა, პაციენტის დამძიმებისას პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, იკვლევენ, რამდენად ჰქონდა კლინიკას ვაქცინაციის ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, ასევე რამდენად დროული იყო დახმარება

„ჩვენ ვიკვლევთ ორი მიმართულებით – რამდენად იყო კლინიკაში ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობა, რომ ვაქცინაცია ჩატარებულიყო, მეორე ნაწილია, გვერდითი მოვლენისას რამდენად დროული იყო მათი ქმედებები. ჩვენ ამ ორივე მიმართულებით შესწავლას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

კაპანაძის განმარტებით, უკვე გამოიკითხა მედპერსონალი.

„პარალელურად მიმდინარეობს ექსპერტიზის მომზადება, ასევე პოლიცია აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვართ. ექსპერტიზის დასკვნა რომ გვეცოდინება, ჩვენც აქედან გამომდინარე დავდებთ დასკვნას. ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტურ ნაწილს, გამოძიება კი სხვა კუთხით, დამდგარ შედეგთან დაკავშირებით მუშაობს“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა და პაციენტის დამძიმების დროს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა.

„ზოგადად, კლინიკა შეესაბამებოდა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს, იყო ტექნიკური აღჭურვილობა, პერსონალით უზრუნველყოფილი, პაციენტის დამძიმების შემთხვევაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება იყო განხორციელებული. ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტებით, კლინიკაში არსებული ჩანაწერებით და ექიმების ახსნა- განმარტებებით განვაზოგადებთ ინფორმაციას. კითხვარი რომ ივსება, პაციენტსაც შეუძლია, დააფიქსიროს, თუ რამე მედიკამენტი მიიღო მანამდე. არსად ასეთი რამ არ ფიქსირდება, არ განუცხადებია, ასეთი ჩანაწერი არ არის“, – განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ.