რეგულარული ფრენები დღეიდან განახლდება
რეგულარული ფრენები დღეიდან განახლდება

რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა დღეიდან უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ფრენები არის არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, ტურისტული მიმართულებით.

„პირველი თებერვლიდან, როგორც ადრეც ვსაუბრობდით, მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანია, რომელიც დღემდე მოქმედებს საქართველოში, ასევე ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც გამოთქვამენ საქართველოში შემოსვლის სურვილს, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით. ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. ახლა მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი უკვე შეიმუშავა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება. განახლებული რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა და უწყებათაშორის საბჭოს წარუდგინა.

აღნიშნული რეგულაციების თანახმად, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის რეჟიმი მსუბუქდება.

კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი  რეჟიმით, დღეიდან, პირველი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ რვადღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა რვა დღემდე მცირდება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც თან არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება.

დატოვე კომენტარი