რეგიონლიგაში დაქვეითებული „ცხინვალის“ დირექტორი - გუნდზე უარყოფითად გასხვისების შენელებულმა პროცესმა იმოქმედა
„ცხინვალი“ 2019 წლის სეზონში ლიგა 2-დან ლიგა 3-ში გავარდა, ფინანსური პრობლემების გამო კი ლიგა4-ში (რეგიონულ ლიგაში) დააქვეითეს.
გუნდის დირექტორ ქართლოს რუხაიას თქმით, მე-4 ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, გუნდი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას და დავალიანების დროულად გასტუმრებას შეეცდება.
„ახალი შემადგენლობით „ცხინვალის“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გვსურს. გუნდს მოთამაშეთა და პერსონალისადმი 639 ათას ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა გვექნება, დავალიანება ეტაპობრივად რომ გავისტუმროთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან რუხაია.
„ცხინვალის“ დირექტორის თქმით, გუნდის დაქვეითება გასხვისების გართულებულმა პროცესებმაც განაპირობა: „ლევან ვადაჭკორია გუნდში 2018 წლის სექტემბერში სპონსორად მოვიდა, საკუთარი 135 ათასი ლარი დახარჯა და შემდეგ კლუბის შეძენით დაინტერესდა. ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გვსურდა, ინვესტორმა კონტრაქტები შესაბამისი პირობებით გააფორმა და ფულს გუნდის გადაფორმებამდე იხდიდა. მაგრამ იურიდიული პროცესების სირთულის გამო, აუქციონი მხოლოდ 10 დეკემბერს გამოცხადდა, ანუ სეზონის ბოლოს. გადაფორმების დროში გაწელვამ ინვესტორი დააფრთხო და თანხის დახარჯვაზე თავი შეიკავა. ცხადია, ამ ყველაფერმა გუნდზე უარყოფითად იმოქმედა და საბოლოოდ, ლიგა 4-ში დავქვეითდით“.