რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები ქუთაისში გამართულ ფორუმზე განიხილეს
რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები ქუთაისში გამართულ ფორუმზე განიხილეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმში 200-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ასევე, ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ მიმართეს.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მეწარმეებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, საშუალება მიეცათ, შეხვედროდნენ ეკონომიკის მინისტრს და გაეზიარებინათ საკუთარი პრობლემები და რეგიონული ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები. ასევე, ფორუმის მონაწილე მეწარმეებმა სამთავრობო ხედვები და გეგმები მოისმინეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას და ამ გზაზე არსებულ გამომწვევებს უკავშირდება. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროგრამებსა და ინსტრუმენტებზე. რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნებთან ადაპტირების პროცესში ეხმარება და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტში უწობს ხელს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას ასევე გაუზიარეს ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საინფორმაციო ცენტრის საკონსულტაციო და ტრენინგ-სერვისებზე, ასევე ტექნიკური და პროფესიული განათლების სერვისებზე, რომლებიც პალატის იმერეთის რეგიონის ოფისში ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია.