Red Bull Homerun - ექსტრემალური და გასართობი ღონისძიება 16 თებერვალს გაიმართება
Red Bull Homerun – ექსტრემალური და გასართობი ღონისძიება წელს ორ ლოკაციაზე გაიმართება. 16 თებერვალს Red Bull Homerun პირველად ბაკურიანში ჩატარდება.
შეჯიბრისთვის დიდველის ტრასა „ნოდო“ შეირჩა. 23 თებერვალს კი, უკვე მესამედ, შეჯიბრს გუდაური უმასპინძლებს. Red Bull Homerun ორივე ლოკაციაზე 16:00 საათზე დაიწყება და მხიარული წვეულებით დასრულდება. მონაწილეობა შეუძლიათ მოყვარულ ან პროფესიონალ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი.
Red Bull Homerun-ს ფორმატის მიხედვით, მონაწილეები სტარტიდან 50 მეტრს, საკუთარ თხილამურებამდე/სნოუბორდამდე, სირბილით გადიან, შემდეგ კი, სწრაფად ეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს დაუვიწყარი გართობა ელოდებათ.
თითო ლოკაციაზე შეჯიბრს ხუთი გამარჯვებული ჰყავს: ყველაზე სწრაფი მოთხილამურე გოგო და ბიჭი, და ყველაზე სწრაფი სნოუბორდერი გოგო და ბიჭი. ისინი ფულადი პრიზებით ჯილდოვდებიან.
წელს პირველად გამოვლინდება ყველაზე კრეატიულად ჩაცმული მონაწილე, რომელსაც „რედკო საქართველოსგან“ ერთდღიანი დასვენების აბონიმენტი გადაეცემა.
გასულ წელს, გუდაურში, ზამთრის სპორტის 150-მა მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ტურისტები უკრაინიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ.
წელს ბაკურიანის შეჯიბრზე მაქსიმუმ 150, ხოლო გუდაურის შეჯიბრზე- 200 მონაწილეს შეუძლია ასპარეზობა. Red Bull Homerun-ში მონაწილეობა უფასოა.