„რედ ბულის“ მორიგი დუბლი - მაიამის გრანპრი მაქს ფერსტაპენმა მოიგო #1TVSPORT
მაიამიში „ფორმულა 1“-ის სეზონის მეხუთე რბოლა გაიმართა, რომელიც „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
შაბათს ჩატარებულ კვალიფიკაციაზე პოული სერხიო პერესს ჰქონდა („რედ ბული“) მოპოვებული და იგი საწყისი წრეების მანძილზე ლიდერობდა კიდეც რბოლას. რაც შეეხება ფერსტაპენს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობას მეცხრე ადგილიდან იწყებდა. ნიდერლანდელმა სტარტზევე მოიპოვა სერიოზული უპირატესობა და მალე ის პერესის უკან აღმოჩნდა. რბოლის დასრულებამდე 10 წრით ადრე ფერსტაპენს გადამწყვეტი პიტსტოპი ჰქონდა, ახალი საბურავით მან პერესის ჩამოტოვება მოახერხა და კარიერაში 38-ე გამარჯვება მოიპოვა გრანპრიზე. რაც შეეხება „რედ ბულს“, ავსტრიელებმა ისტორიაში 26-ე დუბლი შეასრულეს.
რბოლა მეორე ადგილზე სერხიო პერესმა დაასრულა, ხოლო პოდიუმზე მესამე ადგილი „ასტონ მარტინის“ ესპანელმა ლიდერმა, ფერნანდო ალონსომ დაიკავა. ქულათა ზონაში ასევე მოხვდნენ: ჯორჯ რასელი („მერსედესი“) 12 ქულა, კარლოს საინსი („ფერარი“) 10 ქულა, ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) 8 ქულა, შარლ ლეკლერი („ფერარი“) 7 ქულა, პიერ გასლი („ალპინი“) 6 ქულა, ესტებან ოკონი („ალპინი“) 2 ქულა, კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) 1 ქულა.
ხუთი რბოლის შემდეგ „ფორმულა 1“-ის 2023 წლის სეზონს ფერსტაპენი ლიდერობს 119 ქულით, მეორე ადგილზე სერხიო პერესია (105 ქულა), ხოლო მესამე პოზიციას „ასტონ მარტინიდან“ ფერნანდო ალონსო იკავებს 75 ქულით.