„რედ ბულ ლუკვრამე“ - სვანური ადათ-წესის ახალი სიცოცხლე #1TVSPORT
14:33, 07.02.2022
მესტიაში, საქართველოს მაღალმთიანეთში გავრცელებული, მაგრამ უკვე თითქმის დავიწყებული ხის ხელნაკეთი ციგურებით შეჯიბრი გაიმართა.
ტურნირში, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა 28 მსურველი დარეგისტრირდა. საბოლოოდ საუკეთესო დრო 21:31 წმ. ლაშა შუკვანმა დააფიქსირა.
ლაშა შუკვანი: „რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია არ მიეცემა დავიწყებას. ჩვენ სოფელში პატარა ბავშვებიც აქტიურად იყენებენ ლუხმედებს და ამით უფრო მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე ჩემი შედეგით.“
ორგანიზატორებმა ყველაზე კრეატიული კოსტუმისთვის ასევე დავით ფარჯიანიც დააჯილდოეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა დასაშვები იყო მოთხილამურე/სნოუბორდერი ან ლუხმედებით სრიალში გამოწვრთნილი 18+ ასაკის მონაწილეებისთვის.
ლუხმედი ხის ხელნაკეთი ციგურების მსგავსი აღჭურვილობაა, რომლით სრიალიც შესაძლებელია მოყინულ საფარსა და დატკეპნილ თოვლზე. სწორედ ამიტომ, ღონისძიების სახელწოდებაში ფიგურირებს სვანური სიტყვა „ლუკვრამე“, რომელიც „გაყინულს“ ნიშნავს.
Red Bull Lukvrame – ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრება პირველად ჩატარდა მესტიაში. უნიკალური კონცეფციის ღონისძიება სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველესი ტრადიციის გაცოცხლებას ემსახურება. Red Bull Lukvrame-ს შექმნისა და ჩატარების იდეა საქართველოში დაიბადა.
ანდრო ბურდული, ღონისძიების იდეის ავტორი: „Red Bull Lukvrame არის ტრადიციული ციგურებით სრიალი, რომელიც შევქმენით სვანეთში და გავაცოცხლეთ მივიწყებული ტრადიცია, რომელიც, გადმოცემით ვიცით, რომ 80-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა და თხილამურებით ჩანაცვლდა. ღონისძიების გამო, ყველა გაერთიანდა. სოფლის ბავშვები, დიდები, ყველა ერთად სრიალებენ და სოფლებს შორის პატარა შეჯიბრების სახე მიეცა ამ ყველაფერს. ეს იმის ნიშანია, რომ ეს ტრადიცია არ დაიკარგება და კიდევ ერთი სპორტი შეემატება ქართულ სათავგადასავლო და სამთო სპორტს.“