„რეალში“ სკანდალია - ბენზემამ პარტნიორებს მოუწოდა, ვინისიუსისთვის პასი არ მიეცათ (ვიდეო)
მადრიდის „რეალის“ ფორვარდებს – ქარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორს შორის, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „გლადბახთან“ მატჩის შესვენებაზე ტელეკამერამ დაიჭირა ბენზემას საუბარი ფერლან მენდისთან ფრანგულ ენაზე. ფრანგი ფორვარდი თხოვს მენდის – არ შეიმჩნიოს მოედანზე ვინისიუსი.
„არ მიაწოდო ბურთი ვინისიუსს. ის ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს“, – თქვა ბენზემამ.
სტატისტიკური პორტალის Opta-ს ინფორმაციით, შესვენების შემდეგ, ბენზემას არც ერთი გადაცემა არ მიუცია ვინისიუსისთვის. ფრანგმა 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ვინისიუსი 70-ე წუთზე ედენ აზარმა შეცვალა.