„რეალმა“ „ვალენსია“ გაანადგურა - ბენზემამ პუშკაშს გაუსწრო, ასენსიო გოლით დაბრუნდა [ვიდეო]
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტური „რეალისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრით დასრულდა, რომელიც მადრიდში „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე გაიმართა.
პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს – 21-ე წუთზე თავი გამოიჩინა როდრიგომ, მაგრამ VAR-ის შემოწმების შემდეგ, მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა, როცა ედენ აზარის პასის შემდეგ მეკარესთან ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა ქარიმ ბენზემამ. 13 წუთში „რეალის“ უპირატესობა გაზარდა ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ, რომელმაც ფერლან მენდის პასით გაიტანა. ასენსიო 73-ე წუთზე შევიდა მოედანზე და პირველივე შეხებით აიღო „ვალენსიას“ კარი. ეს ფეხბურთელის პირველი მატჩი იყო 2019 წლის მაისის შემდეგ.
შეხვედრას წერტილი ბენზემამ დაუსვა დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე – ფრანგმა დაახლოებით 11-მეტრიანის ნიშნულიდან ძლიერად დაარტყა.
ბენზემასთვის ეს იყო 243-ე გოლი „რეალის“ შემადგენლობაში. მან მადრიდული კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ერთი ბურთით გაუსწრო ფერენც პუშკაშს (242) და მეხუთე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან: კრიშტიანო რონალდო (450), რაული (323), ალფრედო დი სტეფანო (308) და სანტილიანა (289).
„რეალმა“ 62 ქულა დააგროვა და ისევ შეამცირა „ბარსელონასთან“.