„რეალი" ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„რეალი" ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მადრიდის “რეალი” გახდა. მართალია, მიუნხენის “ბაიერნმა” “სამეფო კლუბთან” ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო მიზნის მისაღწევად.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბაიერნმა” მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში – თავი გამოიჩინა ჯოშუა კიმიხმა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი გახდა – 2:2. თუმცა “რეალმა” მალე უპასუხა მეტოქეს – ქარიმ ბენზემამ მე-11 წუთზე აღადგინა მატჩში წონასწორობა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე უხეშად შეცდნენ კორენტენ ტოლისო და სვენ ულრაიხი, რამაც ბენზემას დუბლი შეასრულებინა – “რეალი” 2:1 გავიდა წინ.

ორმატჩიან დაპირისპირებას ინტრიგა დაუბრუნა ხამეს როდრიგესმა – მან 63-ე წუთზე თავისივე დარტყმულს დაამატა და ანგარიში 2:2 გახადა. კიდევ ერთი გოლი “ბაიერნს” ფინალში გაიყვანდა, მაგრამ გოლი მატჩში აღარ გასულა. 2:2 და ორი მატჩის ჯამში 4:3 – “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, რაც “იუვენტუსის” 1996-98 წლების რეკორდის გამეორებაა.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რითაც პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა.

„რეალის” მეტოქე ფინალში ოთხშაბათს გაირკვევა, როცა რომში “რომასა” და “ლივერპულის” განმეორებითი ნახევარფინალი გაიმართება. პირველი მატჩი ინგლისურ კლუბს 5:2 აქვს მოგებული.

დატოვე კომენტარი