„რეალი“ ესპანეთის მესამე დივიზიონის გუნდთან დამარცხდა და ესპანეთის თასს გამოეთიშა
მადრიდის „რეალი“ 1/16 ფინალიდან გამოეთიშა ესპანეთის თასის გათამაშებას. ქვეყნის ჩემპიონმა სტუმრად სენსაციურად წააგო სეგუნდა B-ს გუნდთან „ალკოიანოსთან“ – 1:2. მატჩის ბედი დამატებით დროში გაირკვა.
45-ე წუთზე ედერ მილიტაომ წინ გაიყვანა „რეალი“. „ალკოიანომ“ ხოსე სოლბესის გოლით მე-80 წუთზე გაათანაბრა ანგარიში და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
110-ე წუთზე მასპინძლები რამონ ლოპესის გაძევების შემდეგ, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ, სწორედ „ალკოიანომ“ გაიტანა გამარჯვების გოლი – ის ნახევარმცველ ხუანანის ანგარიშზეა.
ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის გუნდი „ალკოიანო“ 60-ათასიან ქალაქ ალკოს წარმოადგენს. ამ გუნდის შემადგენლობის საერთო ღირებულება 2.6 მილიონ ევროდ არის შეფასებული. „რეალის“ თითოეული მოთამაშის ფასი გაცილებით მაღალია, ჯამში კი მადრიდელთა შემადგენლობა 300-ჯერ ძვირია – 782 მილიონი.