ლა ლიგის 34-ე ტურში ჩემპიონი გაირკვა – ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე.
შაბათს „რეალმა“ შინ 3:0 დაამარცხა „კადისი“, მისმა უახლოესმა მდევარმა „ბარსელონამ“ კი სტუმრად 2:4 დათმო შეხვედრა „ჟირონასთან“. შესაბამისად, კატალონელებმა დაკარგეს „რეალის“ დაწევის შანსი.
„რეალის“ ჩემპიონობისა და ისტორიის მთავარი ციფრები:
* „რეალი“ 36-ედ გახდა ჩემპიონი. დანარჩენები ძალიან ჩამორჩენილები არიან: 27 – „ბარსელონა“, 11 – „ატლეტიკო“, სხვებს 10-ზე ნაკლები აქვთ. ბოლო 12 სეზონში „რეალმა“ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ტიტული 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.
* „რეალმა“ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო – „ატლეტიკოსთან“ (1:3) გასული წლის სექტემბერში. ბოლოს „რეალმა“ ერთი წაგებით სეზონი 1989 წელს დაასრულა – წააგო მხოლოდ „სელტასთან“.
* „რეალი“ შესანიშნავად თამაშობს შინ – ერთადერთია წაგების გარეშე საკუთარ მოედანზე და მხოლოდ ორ მატჩში დაკარგა ქულები (0:0 „რაიო ვალეკანოსთან“ და 1:1 „ატლეტიკოსთან“).
* სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში, მინიმუმ, 10 გოლი: 18 აქვს ჯუდ ბელინგემს, 13 – ვინისიუსს და 10 – როდრიგოს. „გოლი+პასი“ სისტემით ლიდერობს ბელინგემი – მას 18+4 აქვს.
* ლუკა მოდრიჩმა 25-ე ტიტული მოიგო „რეალთან“ ერთად, დანი კარვახალმა და ნაჩო ფერნანდესმა – 24-ე, ტონი კროოსმა – 21-ე.
* კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 27-ე ტიტული მოიგო.