რატომ თქვა რომის პაპმა ლეო XIV-მ უარი საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტით გათვალისწინებულ პატივზე
პაპი ლეო XIV მომლოცველებს ესალმება. 2026 წლის 16 სექტემბერი
საფრანგეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ელისეის სასახლეს ეწვევა, თუმცა ლეო XIV საპატიო ლეგიონის ორდენის მიღებასა და საზეიმო ვახშამზე დასწრებაზე უარს ამბობს. გაზეთ „ლა კრუას“ (La Croix) ცნობით, ვატიკანმა, სავარაუდოდ, პაპისა და ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრის შეთავაზებაც უარყო, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უნდა გამართულიყო.
გაურბის თუ არა პაპი ემანუელ მაკრონს? ლეო XIV-ის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში, „ლა კრუა“ წერს, რომ ვატიკანმა არ დააკმაყოფილა ელისეს სასახლის თხოვნა, რომელიც პარასკევს, 25 სექტემბერს, პაპისა და ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას ეხებოდა.
ემანუელ მაკრონი იმედოვნებდა, რომ პონტიფიკოსთან მისი შეხვედრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დათვალიერების დროს შედგებოდა, რომლის რესტავრირება, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„ლა კრუასთან“ საუბრის დროს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ეს გადაწყვეტილება, ვიზიტის დატვირთული გრაფიკით და მწუხრის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებისთვის ტაძრის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის სურვილით ახსნა. თუმცა, გაზეთი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდრის უარის უკან შესაძლოა სხვა, უფრო პოლიტიკური ხასიათის მიზეზები იდგეს, თუნდაც საფრანგეთის მიერ ევთანაზიის შესახებ კანონის დამტკიცება, რომლის მიღებასაც ეკლესია ეწინააღმდეგებოდა.
განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველივე ამას უწოდებს „უაზრო პოლემიკას“, რომელსაც „საფუძველი არ გააჩნია“. „აქედან სიმართლეს არცერთი შეესაბამება, – განუცხადეს „ფრანს ინფოს“ემანუელ მაკრონის გარემოცვის წევრებმა, – როგორც ყოველთვის, ახლაც შედგა დისკუსია ელისეის სასახლესა და პაპის წარმომადგენლებს შორის. როგორც ყოველთვის, ახლაც სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“.
ამ პოზიციას, როგორც ჩანს, საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციაც (CEF), იზიარებს. ის დიდად აფასებს „იმ მზაობას და ძალისხმევას, რომელიც ყველა უწყებამ გამოიჩინა, იქნება ეს ელისეს სასახლე, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური, სამინისტროები თუ პოლიციის პრეფექტურები“. CEF-ი განმარტავს, რომ ეს არის სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტის წესებს არ ექვემდებარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ პაპს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი აქვს, „პირველ რიგში, მას ისე ხვდებიან, როგორც ეკლესიის წინამძღოლს“, – აცხადებს საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია.
საზეიმო ვახშამი სამოციქულო მოგზაურობის დღის წესრიგში არ შედის
„ამ ტიპის ვიზიტი, შესაბამისად, იმართება კონკრეტულ, დადგენილ ფორმატში, რომლითაც საზეიმო ვახშამზე დასწრება ან ჯილდოს მიღება გათვალისწინებული არ არის“, – დასძენს CEF-ი. „ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვატიკანის მხრიდან უარს; ეს სამოციქულო მოგზაურობის ჩვეულ ფორმატს, უბრალოდ, არ შეესაბამება“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი ლეო XIV ემანუელ მაკრონს რამდენჯერმე მაინც შეხვდება. პრეზიდენტი პონტიფიკოსს ორლის აეროპორტში დახვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი შეხვედრა ელისეის სასახლეში. ემანუელ მაკრონი ასევე დაესწრება საფრანგეთში პაპის ვიზიტის ბოლო დღეს ქალაქ მეცში დაგეგმილ ღონისძიებებს.