რატომ ესხმის თავს უკრაინა „რუსულ ამაზონად“ წოდებული ელექტრონული კომერციის გიგანტის, „ვაილდბერიზის“ საწყობებს?

11:59, 26.07.2026
მოსახლეობა გადაადგილდება კვამლის ფონზე, რომელიც მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ელექტროსტალში, რუსული ელექტრონული კომერციის კომპანია „ვაილდბერიზის“ ლოჯისტიკურ ცენტრებში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოიშვა. 2026 წლის 18 ივლისი

მოსახლეობა გადაადგილდება კვამლის ფონზე, რომელიც მოსკოვის მახლობლად, ქალაქ ელექტროსტალში, რუსული ელექტრონული კომერციის კომპანია „ვაილდბერიზის“ ლოჯისტიკურ ცენტრებში გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოიშვა. 2026 წლის 18 ივლისი

წინა შაბათიდან მოყოლებული, კიევის მიერ განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის სამიზნედ რუსული კომპანია „ვაილდბერიზის“ ობიექტები იქცნენ. მათზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა.

 

უკრაინა განაგრძობს შორეულ ავიადარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. კიევის სამიზნე ამჯერად ქვეყნის ეკონომიკის ახალი სექტორია. პარასკევს, 24 ივლისს, სანქტ-პეტერბურგსა (რუსეთი) და მის შემოგარენში უკრაინულმა დრონებმა შეტევა განახორციელეს საწყობებზე, რომლებიც ელექტრონული კომერციის გიგანტს, „რუსულ ამაზონად“ წოდებულ „ვაილდბერიზს“ ეკუთვნის. წინა შაბათს და შუა კვირაში კი, ამ კომპანიის ობიექტებზე თავდასხმა სამხრეთ რუსეთშიც განხორციელა. ამ დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, კიევს უკვე გააჩნია ტექნოლოგიური შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ რუსულ ობიექტებს ფრონტის ხაზიდან შორ მანძილზე დაარტყას“, – განუცხადა საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პლატფორმა „ფრანს ინფოს“ „ევრო კრეატივის“ (Euro Créative) მკვლევარმა, ულრიხ ბუნატმა, რომელიც ასევე არის ავტორი წიგნისა „ჰიბრიდული ომი უკრაინაში: როგორია პერსპექტივები?“. ელექტრონული კომერციის მიზანში ამოღება, თანაც რუსული ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების შუაგულში, მოწინააღმდეგესაც კი აოცებს, რომელიც სხვა ტიპის დარტყმებს, კერძოდ კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არის მიჩვეული. „რუსულ ამაზონზე“ ამ შეტევების უკან რამდენიმე სამხედრო და ეკონომიკური მიზეზი უნდა ვეძიოთ.

პასუხი უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) კომენტარი გააკეთა იმ დარტყმებზე, რომლებიც რუსეთის ლოჯისტიკური ცენტრებისკენ არის მიმართული. მისი განმარტებით, ეს იყო პასუხი „უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებულ რუსულ დარტყმებზე“. გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ, ყველაზე სისხლიანი თვე იყო.

დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, რუსეთში განხორციელებული ეს თავდასხმები უკრაინული საფოსტო-ლოგისტიკური კომპანიის, Nova Poshta-ს წინააღმდეგ მიმართული იერიშების პასუხია. გამოცემის ცნობით, Nova Poshta-ს განყოფილებები სხვა დროსაც ყოფილან თავდასხმის სამიზნე, ბოლოს ეს 16 ივლისს მოხდა. გაერო-ს ცნობით, ხარკოვის მახლობლად მდებარე Nova Poshta-ს ტერმინალზე კვირას მიტანელი იერიშის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დააშავა.

„საფოსტო სამსახურს [უკრაინაში] მრავალი საწყობი აქვს და ამ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გახშირდა. ასეთია ტოტალური, გამოფიტვის მიზნით წარმოებული ომის ბუნება: ვინაიდან ეკონომიკა საომარი ძალისხმევაზე არის გადაწყობილი, სამხედრო მიზნებისთვის ლეგიტიმურად მიჩნეული სამიზნეების სია სულ უფრო ფართოვდება“, — განუცხადა „ფრანს ინფოს“ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, „ჩეთემ ჰაუსის“ უკრაინის ფორუმის დირექტორმა, ორისია ლუცევიჩმა.

რუსეთის არმიისთვის საჭირო საწყობები

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მიზანში ამოღებული „მთავარი ლოჯისტიკური ობიექტები დრონებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის წარმოებისთვის სანქციებს დაქვემდებარებული კომპონენტების მისაწოდებლად“გამოიყენებოდა. „უკრაინას შესწევს უნარი, შორ მანძილზე დარტყმები განახორციელოს და ამით ხელი უნდა შეუშალოს რუსეთის მიერ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებას“, – ამბობს ორისია ლუცევიჩი.

„სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად „ვაილდბერიზის“ პლატფორმაც გამოიყენება“, – განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრის პრეზიდენტმა, სერგეი კუზანმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩევლის თქმით, რუსები ამ პლატფორმაზე ყიდულობენ რაციებს, დრონების კომპონენტებს და ჯავშანჟილეტებსაც კი. „იქ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შოვნაც შეიძლება“,- ამატებს ულრიხ ბუნატი.

მოსკოვი უარყოფს, რომ ელექტრონული კომერცია უკრაინაში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, რუსი ბლოგერები, რომლებსაც BBC ციტირებს, ამტკიცებენ, რომ „ვაილდბერიზის“ ვებ-საიტებზე აღჭურვილობას მოხალისეები ყიდულობენ და შემდეგ მას ფრონტის ხაზზე აგზავნიან.

რუსეთის ეკონომიკისთვის „ზიანის მიყენების“ სურვილი

როგორც ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ იუწყება, მიზანში „ვაილდბერიზის“ ამოღებით, კიევი რუს საცალო მოვაჭრეებში შეშფოთებას ნერგავს – ხომ შეიძლება, ისინიც უკრაინული დრონების სამიზნეები გახდნენ? უკრაინის ეს დარტყმები უშუალოდ აზარალებს რუსეთში არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებს და შესაბამისად – საცალო მოვაჭრეთა დიდ რაოდენობას. დამოუკიდებელი მედიასაშუალება The Moscow Times-ის თანახმად, ბოლო დღეებში რამდენიმე ბიზნესმენმა სოციალურ მედიაში უკმაყოფილება გამოხატა და ამ თავდასხმებით გამოწვეული მათი მარაგებისა და შემოსავლების დაკარგვა დაგმო.

„ჩემი მარაგის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ გადასახადები, ხელფასების გადახდის და მწარმოებლებისა თუ ჩვენი პერსონალის წინაშე არსებული სხვა ვალდებულებები ისევ ძალაშია“, – ჩივის ინსტაგრამზე მეწარმე, ალისა გოლდბერგი. „გავნადგურდი. ჩემი ტანსაცმლის მთელი კოლექცია დაიწვა“, – ასევე უკმაყოფილოა მაღაზიის რუსი მფლობელი, ანასტასია.

„უკრაინული თავდასხმები „ვაილდბერიზს“ მუხლებზე ვერ დააჩოქებს, მაგრამ, ამის გარდა, ასევე არსებობს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების სურვილი“, – ამბობს ულრიხ ბუნატი. „მითუმეტეს ეს თავდასხმები აჩენს მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ წყდება მიწოდების ჯაჭვები და ხდება ინფლაციისთვის ხელის შეწყობა“, – განაგრძობს მკვლევარი.

რუსების ყოველდღიურობაზე გავლენის მოხდენის გზა

BBC-ის თანახმად, „ვაილდბერიზის“ და კიდევ ერთ პლატფორმის, „ოზონის“ მომსახურებით რუსები ხშირად სარგებლობენ. შესაბამისად, უკრაინული თავდასხმები და მისი ამსახველი კადრები, პირდაპირ თუ ირიბად, უზარმაზარ აუდიტორიამდე აღწევს. „ამ დარტყმებით და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებით, ომი რუსების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ამიტომ, სხვა გზა აღარ არსებობს – რუსებმა ამ ახალი ცხოვრების წესებით უნდა იცხოვრონ“, – ამბობს ულრიხ ბუნატი.

შესაძლოა, სწორედ ეს არის ის ფსიქოლოგიური ეფექტი, რომლის მიღწევასაც კიევი რუსეთის შემოჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ იმედოვნებს. არსებობს თუ არა იმედი, რომ რუსები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ უფრო კრიტიკულები გახდებიან? ამაზე გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ, ასეა თუ ისე, ორისია ლუცევიჩი დარწმუნებულია: „ვფიქრობ, [დარტყმების] ეს კამპანია გაგრძელდება“.

 

სტატიის ავტორი: ვალენტინ პასკეზუნი, „ფრანს ტელევიზიონი“ (France Télévisions) და საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პლატფორმა „ფრანს ინფო“ (France Info)

ფოტოს ავტორი: ტატიანა მაკეევა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 24 ივლისი, 2026 წელი, 06:12 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი