რატომ არის რუსული დრონების სამიზნედ ქცეული ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი
2026 წლის 5 აგვისტოს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია ქალაქ შკოიდიცში (აღმოსავლეთ გერმანია) მდებარე ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში მდგარი „ანტონოვის“ ტიპის უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი. წინა ღამით აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს / ფოტოს ავტორი: ჯონ მაკდუგალი, სააგენტო „ფრანს-პრესი“(არქივი)
ევროპული სატვირთო გადაზიდვებისთვის მისი დიდი მნიშვნელობის გარდა, ეს აეროპორტი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ნატო-ს რამდენიმე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებს მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირების საქმეში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტის როლი ამ კუთხით კიდევ უფრო გაიზარდა.
გერმანიამ რუსეთი უკვე ოფიციალურად დაადანაშაულა. სამშაბათს, 1 სექტემბერს, ოფიციალურმა ბერლინმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე 4 აგვისტოსთვის დაგეგმილი ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში აღმოაჩინეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, დრონის კონსტრუქცია, ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონაციის სისტემა იმ ტექნიკური საშუალებების მსგავსია, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებულ სხვა ჰიბრიდულ ოპერაციებში ადრეც დაფიქსირებულა. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ამ „ჰიბრიდული თავდასხმის“ შემსრულებლად რუსეთი პირდაპირ დაასახელა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი კიდევ უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებს“. მაგრამ მაინცდამაინც ეს აეროპორტი რატომ შეირჩა სამიზნე? რა სტრატეგიულ როლს ასრულებს ის ევროპაში და უფრო კონკრეტულად – უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში?
ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სატვირთო აეროპორტი
ლაიპციგ-ჰალე, უპირველეს ყოვლისა, ტვირთების გადაზიდვის უმსხვილესი ცენტრია. მისი ოპერატორი კომპანიის ცნობით, 2025 წელს აეროპორტმა თითქმის 1.4 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა. ამ მაჩვენებლით ის გერმანიაში მეორე, ხოლო ევროპაში მეექვსე უდიდესი სატვირთო აეროპორტია.
აქ 45-ზე მეტი საჰაერო სატვირთო კომპანია ოპერირებს, რომლებიც მსოფლიოს 160-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან. ამასთან, აეროპორტში განთავსებულია „დი ეიჩ ელ“-ის (DHL) უდიდესი გლობალური ჰაბი, რომელიც ლაიპციგში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.
თუმცა, ლაიპციგ-ჰალე მხოლოდ სატვირთო აეროპორტი არ არის. 2025 წელს ის 2.12 მილიონზე მეტ მგზავრსაც მოემსახურა.
სტრატეგიული ბაზა დიდგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, აეროპორტი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული ტვირთების საჰაერო გადაზიდვებში.
2006 წლიდან ის „სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების საერთაშორისო პროგრამის“ (SALIS) ბაზას წარმოადგენს. ნატო-ს მიერ მართული ეს სქემა ცხრა ქვეყანას (მათ შორის, გერმანიას, საფრანგეთსა და პოლონეთს) საშუალებას აძლევს, სწრაფი წვდომა ჰქონდეთ ძალიან დიდ სატვირთო თვითმფრინავებზე. მათ შორის არის „ანტონოვიც“ (AN-124) – მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ერთჯერადად 120 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.
ამ თვითმფრინავებს შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი ტვირთი, რომელიც ბევრი სხვა საჰაერო ხომალდისთვის ზედმეტად მძიმე ან დიდი ზომისაა. მათ ხშირად იყენებენ ვერტმფრენების, ტანკების, სატვირთო ავტომობილებისა და სხვა მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის.
თუმცა, ეს ავიაპარკი ექსკლუზიურად სამხედრო დანიშნულების არ არის: „ანტონოვებს“ ჰუმანიტარული ან სამოქალაქო მისიების დროსაც იყენებენ. მაგალითად, კოვიდპანდემიის დროს, მათ ასობით ტონა სამედიცინო დანიშნულების ტვირთი გადაზიდეს.
ომის დაწყების შემდეგ, ლაიპციგში ხუთი უკრაინული „ანტონოვი“ გადამისამართდა
ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ომამდე „ანტონოვის“ ავიაფლოტის ნაწილი კიევის მახლობლად, ჰოსტომელის აეროპორტში იყო ბაზირებული. რუსული საფრთხის გამო, ხუთმა უკრაინულმა AN-124-მა უკრაინა დატოვა. ისინი ლაიპციგ-ჰალეში გადამისამართდნენ.