რატი იონათამიშვილი - საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, ევროკავშირს უწოდებდა კოლონიას, სტრასბურგის სასამართლოს პუტინის სასამართლოს
რატი იონათამიშვილი - საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, ევროკავშირს უწოდებდა კოლონიას, სტრასბურგის სასამართლოს პუტინის სასამართლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, მისივე განმარტებით, ევროკავშირს უწოდებდა კოლონიას, სტრასბურგის სასამართლოს პუტინის სასამართლოს და მუდმივად ებრძოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით პირველ რიგში რუსული ინტერესები დასუსტდა საქართველოში.

რატი იონათამიშვილი თაკო ჩარკვიანის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში განურჩევლად ყველა პირის უფლებები იქნება დაცული.

„ყველა საერთაშორისო კვლევა აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არის მიღწეული ქართულ პენიტეცნიურ სისტემაში და ეს პროცესი მუდმივად უმჯობესდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს მეგის ქარდავასთან ერთად იხდის სასჯელს, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აღდგა სამართლიანობა მათი დანაშაულებების თვალსაზრისით. რაც შეეხება პენიტენციური სისტემის ბენეფიციარის უფლებებს, ამ შემთხვევაში განურჩევლად ყველას უფლებები იქნება დაცული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეშია და სასწრაფოდ უნდა მოინახულონ საერთაშორისო მისიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, უშიშროების სამსახურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ „იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება“.