რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან ვინ შეეცადა ამ სტატუსის დაკნინებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა
რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან ვინ შეეცადა ამ სტატუსის დაკნინებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის დაზიანების გარდა, არაფერს აკეთებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ.

„ევროკავშირის გაფართოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც, ფაქტობრივად, თავიდან გახაზა ევროკავშირის საზღვრები, სადაც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იყო აღნიშნული. ეს მოხდა ზუსტად იმ კონგრესზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა იყო და უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის გაფართოების მიზნით და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერსპექტივის მიღების დღიდან ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და პირველივე დღიდან ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას. პერსპექტივის სტატუსის მიმართ „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილის ენით გამოვიდა, მაგრამ მათ ეს დესტრუქციული ქმედებებიც ჩაუფლავდათ. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, გარდა იმასა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა დააზიანონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. ეს ნათლად ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის განმარტებით, პარლამენტში 12-ვე პუნქტის ირგვლივ საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა წარიმართა.

„ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და სწორედ ამაში მდგომარეობს ის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომელიც ქვეყნის წინაშე გვაქვს. ევროინტეგრაცია ის საკითხია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესსა და ინტერესზე მაღლა დგას, მაგრამ თუ შევხედავთ, რა ხდება რადიკალურ ოპოზიციაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც პარტიის შიგნით ვერ თავისუფლდებიან ვიწროპარტიული ინტერესებიდან, იქ დღესაც ჩრდილოვანი, არაფორმალური მმართველობის ტიპური და მანკიერი მაგალითები გვაქვს, ასევე, იმ ე.წ. ტროიკიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს, და არა „ქართული ოცნების“, წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის გარდა, არაფრით არის დაკავებული, ამ რადიკალურ ჯგუფებს სინამდვილეში არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, რაიმე სახის წინაღობა გაუწიონ ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.