რატი იონათამიშვილი - საქართველოში არეულობა მხოლოდ ორი სუბიექტის, რუსეთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია
რატი იონათამიშვილი - საქართველოში არეულობა მხოლოდ ორი სუბიექტის, რუსეთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში არეულობა მხოლოდ ორი სუბიექტის, რუსეთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ისინი ცდილობენ, საქართველოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ.

„ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით, თუ ის ჟურნალისტების მიმართ ხდება. არც ღირსების დაცვა და არც აზრის გამოხატვა აგრესიული მეთოდებით არასდროს მოხდება და ეს დაუშვებელია. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, დავიცვათ მოქალაქეები. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალებს ახალისებს. სამარცხვინოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყოველ ჯერზე ყველაფერი პოლიტიკურ კონტექსტში გადაიტანოს. თუ სადმე მოხდა რაიმე ძალადობა, აუცილებელია ამაზე იყოს სამართლებრივი და ადეკვატური რეაგირება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვერავინ გაბედოს არეულობის შეტანა საზოგადოებაში და ვერც აგრესიული თავდასხმები ჟურნალისტებზე.

როცა ვსაუბრობ, რომ რუსეთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები არეულობის შეტანაში ერთმანეთს ემთხვევა, ამის მიზანი ისაა, რომ შექმნას ისეთი ფონი, რომლის შემთხვევაშიც ეცდება დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია ევროინტეგრაციის გზაზე.

ზუსტად ეს არის მიზანი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განცხადება არ გაკეთდეს. ეს ძალიან დიდ საფრთხედ აღიქვეს რუსეთმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ისინი სწორედ ამ განცხადებას ებრძვიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა მართლწესრიგი უზრუნველყოფილი იყოს.

„დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას დღესაც მაღალი პროფესიონალიზმით გაართმევენ თავს. თუ სადმე იყო გარკვეული დანაშაულები, ძალადობრივი თავდასხმები ჟურნალისტებზე, ოფისებში ძალადობრივი შეჭრა და დარბევა, რაც კანონდარღვევაა, ამაზე უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი, რომელიც სახელობით მოიხსენია ამერიკამ, როგორც ადამიანი, რომელიც ნატო-ს გზაზე წაიყვანს საქართველოს.

„ამ განცხადების შემდეგ მის მიმართ განსაკუთრებული აგრესია წამოვიდა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგება ნატო-ს გზაზე. რაც შეეხება “ღირსების მარშის” გადადებას, კონკრეტული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს სიტუაციის გაანალიზების შემდეგ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ადამიანების უფლებები, მათ შორის, უმცირესობების უფლებები. გამოსავალი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ღონისძიების ორგანიზებაში ან არჩატარებაში, უნდა იყოს ზოგადად იმ სტანდარტებში, რომელიც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.