რატი იონათამიშვილი - საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, შიდა საკადრო გადაწყვეტილებებზე არ ვისაუბრებ
რატი იონათამიშვილი - საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს, შიდა საკადრო გადაწყვეტილებებზე არ ვისაუბრებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ აქტიური და ინტენსიური მხარდაჭერა საერთაშორისო და ჰუმანიტარული მიმართულებით.

ასევე, იონათამიშვილის განმარტებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა.

„საქართველო ყველა ამ მიმართულებით გამორჩეულია ყველა სხვა ქვეყანას შორის. შიგნით, საკადრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს. რაც შეეხება შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს, ამაზე არ ვისაუბრებ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს, მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის.

„დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, – აღნიშნა ზელენსკიმ.