რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“

19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში ეწერა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა შეგვეჩერებინა და არა ის, რომ უნდა გაგვეუქმებინა, ეს პროცესი შევაჩერეთ და დაველოდეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები შემოსულიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ასევე, კანონის ძალა მივანიჭეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ განვაახლეთ ის პროცესი, რომელიც იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური. ამ პროცესს საზოგადოება თვალს ადევნებდა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა მართლმსაჯულებაში სამართალი ნახონ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც არსებობს და ჩვენ აქტიური და პროაქტიული კონსულტაციების გზით ამ პოზიციებს გაიზიარებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს მაშინ, როცა ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ საუბრობს. ეს ფარდას ხდის იმ რეალობას, რაც არის – სინამდვილეში, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი პარტნიორებისა და ხელისუფლების მიზანია, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.