რატი იონათამიშვილი - სახალხო დამცველთან ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს
სახალხო დამცველთან ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახალხო დამცველს შევხვდით. ჩვენ ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს. თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რომ ეს დინამიკა შენარჩუნებული იყოს. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა სახის ინიციატივებზე, რისი გატარებაც უპრიანი იქნება იმისთვის, რომ დაკითხვის პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და უზრუნველყოფილი. ახალა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა ეპიზოდის დროს გამოვლინდეს ობიექტური სინამდვილე და არ დარჩეს საზოგადოებას და პირველ რიგში, ოჯახს კითხვის ნიშნები. ასევე, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ არასრულწლოვნებისთვის პრევენციის პროგრამები მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მკაფიო რეაგირება უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „მწვანე სკოლის“ კედლები მოხატეს.
„როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, გარკვეულ საფრთხეებთან ხომ არ გვაქვს საქმე, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თავიდან იყოს აცილებული უფრო მძიმე შედეგები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საფრთხეების დროულად აღმოჩენა და გამოვლენა არ ხდება. ალბათ, ამაზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.