რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს განხილვებში, ამასთან, საუბრობენ, რომ საქართველო არ ასრულებს ევროკომისიის წინაშე ვალდებულებას, ისინი დგანან ევროპული არჩევანის ღალატის მხარეს
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს განხილვებში, ამასთან, საუბრობენ, რომ საქართველო არ ასრულებს ევროკომისიის წინაშე ვალდებულებას, ისინი დგანან ევროპული არჩევანის ღალატის მხარეს

რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს სამუშაო პროცესში და ამასთან, ღიად საუბრობენ, რომ საქართველო არ ასრულებს ევროკომისიის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას, ისინი დღეს დგანან საქართველოს ევროპული არჩევანის ღალატის მხარეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გუშინ განხილული კანონპროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ არ მონაწილეობდა განხილვებში.

„ჩვენი საზოგადოება ხედავს, პარლამენტში რა ნაყოფიერად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან თითოეული პუნქტის შესრულებაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები და აღსანიშნავია, რომ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ არ მონაწილეობდა არც ამ განხილვებში. კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ისინი არ ერთვებიან სამუშაო პროცესში და ამასთან, ღიად საუბრობენ, რომ თურმე საქართველო არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ეს არის საუკეთესო საშუალება, მიხვდეთ, სინამდვილეში ამ ადამიანების მიზანი რა არის და ისინი დგანან დღეს ჩვენი ქვეყნის ღალატისა და საქართველოს ევროპული არჩევანის ღალატის მხარეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გუშინ მეორე მოსმენით განხილულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, აღნიშნულ კანონზე მუშაობამ მოახდინა საუკეთესო ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის.

„ჩვენ გვახსოვს, ერთი წლის წინ თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონს იწონებდა, როდესაც უკრაინაში ხდებოდა მისი განხილვა და დამტკიცება. მაშინ ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რომ ეს კანონი საქართველოშიც გავრცელებულიყო და დღეს, როდესაც ჩვენ ზუსტად იმ მოდელის ქართულ ანალოგს ვიღებთ უკვე მოწინააღმდეგეები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და მათ იგრძნეს რეალური საფრთხე, ვინაიდან ეს კრიმინალური სინდიკატი ზუსტად ოლიგარქიული შიდა კლანით ფინანსდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას კონტრარგუმენტების რესურსი არ აქვს არც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ანტიკორუფციულ კანონზე მუშაობა მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ამით ვპასუხობთ ყველაზე მთავარ გამოწვევას, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია და პოლიტიკის განსაზღვრა იყოს უზრუნველყოფილი და უფრო ეფექტური მექანიზმებით განპირობებული და ამ პროცესზე გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი. ორივე სტანდარტს პასუხობს ის ინიციატივა, რომელიც განვიხილეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ამ შემთხვევაშიც, კონტრარგუმენტების რესურსი და უნარი ვერ წარმოგვიდგინა რადიკალურმა ოპოზიციამ. ის უბრალოდ არ დაესწრო განხილვის პროცესს“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.