რატი იონათამიშვილი - რადიკალური ჯგუფები ერთმანეთს არბევენ, საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, ეს რადიკალური ჯგუფები ქართულ პოლიტიკაში რაც უფრო განადგურებული იქნება
რაც უნდათ, ის დაანახონ და ელაპარაკონ ერთმანეთს, ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ აქვს. 26 მაისს, ერთადერთი, რაც მოხდება, ის იქნება, რომ ისედაც განადგურებული ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად დამთავრდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს ცხრა წლის განმავლობაში არბევდა.
„გვახსოვს, რომ ასი ათასზე მეტი ადამიანი იყო დაპატიმრებული და გასამართლებული უსამართლოდ. ადამიანების წამებასა და წართმეულ ქონებაზეც კი აღარ ვსაუბრობ. მას ახლაც ქვეყნის დარბევა უნდა, მაგრამ საბოლოო დარბევას „ნაციონალური მოძრაობისას“ ვნახავთ, რადგან რადიკალური ჯგუფები ერთმანეთს არბევენ. საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, ეს რადიკალური ჯგუფები ქართულ პოლიტიკაში რაც უფრო განადგურებული იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.