რატი იონათამიშვილი – ქალი მინისტრის მიმართ სიძულვილის ენით საუბარი უკიდურესად დასაგმობია, საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პარტნიორებს ამ საქციელის შეფასებისკენ მოვუწოდებ

16:15, 18.09.2020

სიძულვილის ენით საუბარი ქალი მინისტრის მიმართ არის უკიდურესად დასაგმობი, შესაფასებელი და მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პარტნიორებს, შეაფასონ ეს უკიდურესად უღირსი საქციელი, – ამის შესახებ ფაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაზე უკეთ საზოგადოება შეაფასებს.

„მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პროცესებში უკვე შესულები ვართ, აქ, პარლამენტის დარბაზში სიძულვილის ენით საუბარი ქალი მინისტრის მიმართ არის უკიდურესად დასაგმობი, შესაფასებელი და მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პარტნიორებს, შეაფასონ ეს უკიდურესად უღირსი საქციელი, რასაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებისგან ჰქონდა დღეს ადგილი.

დღეს, ინტერპელაციის წესით მოვისმინეთ კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო და არაკომპეტენტური კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური, ინფორმაციული და ამომწურავი პასუხები. არ გამკვირვებია, რა დღეშიც ჰქონდათ ნერვები ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ რომ, რეალურად, როდესაც ეს კითხვები გამოაგზავნეს, ვიდრე პასუხებს მიიღებდნენ, ძალიან მწარე და სამართლიან პასუხებს ქალი მინისტრისგან, აქ პასუხი გასცა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ, ხოლო ბოლოს, სულ ახლახანს, ევროპარლამენტში მიღებულმა ანგარიშმა, რომელსაც ევროპარლამენტის 552-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს მხარდამჭერები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თუ როგორ გავუმკლავდით „კოვიდ-19“-ს და პანდემიას, როგორც შემაკავებელ ფაზაში, ასევე ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით. ცხადია, ამ ყველაფერს ვერ აიტანენ იმიტომ, რომ ერთ მხარეს არიან ესენი, რომლებიც პანდემიის დროს ებრძვიან ექიმებს, დგანან ვირუსის მხარეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას, და მეორე მხარეს ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ზუსტად მაგალითს იღებს იმისგან, თუ საქართველომ ამ მიმართულებით როგორი სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამას ვერ ინელებენ.

დღეს ძალიან ბევრი პარადოქსი მოვისმინეთ. ერთი პარადოქსი არის, როდესაც გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი არის წარსული და თვითონ მომავალი. მეორე ძალიან დიდი პარადოქსია, როდესაც აცხადებ, რომ არავინ არ გაქცეულა და ამას ამბობ მაშინ, როდესაც თვითონ დარბაზიდან გარბიხარ. ცოტა ხანი მაინც უნდა გეყოს იმის ნებისყოფა, რომ დარჩე. ძალიან დიდი პარადოქსია, როდესაც გამოდიხარ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით საყვედურობ, რომ 2020 წელს რატომ არ გაიზარდა მოგზაურთა რიცხვი. საზოგადოებას შევახსენებ, 2018 წელს მოგზაურთა რიცხვი 50 პროცენტით გაიზარდა, 2019 წელს 101 პროცენტით გაიზარდა, აშენდა ახალი ტერმინალი და ეს დინამიკა კიდევ უფრო მკვეთრად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ, ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ცხადია, ის დინამიკა, რაც იყო დაგეგმილი 2020 წელს, ვერ შედგებოდა და ეს რომ გამოგაქვს არგუმენტად კრიტიკისთვის, სულ ცოტა, უხერხულია და ალბათ, საზოგადოება უკეთესად შეაფასებს ამ ყველაფერს“, – რატი იონათამიშვილი.

მსგავსი