რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, დაინტერესდნენ იმ რუსული რუბლების წარმომავლობით, რომლითაც მათი ლიდერები ფინანსდებიან
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, დაინტერესდნენ იმ რუსული რუბლების წარმომავლობით, რომლითაც მათი ლიდერები ფინანსდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტს, საინტერესო და მისასალმებელია.

იონათამიშვილის თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ინიციატივას დეტალურად გაეცნობიან და კონკრეტულ წინადადებებზეც ამის შემდეგ ისაუბრებენ.

„რაც შეეხება ოპოზიციის რიტორიკას, რასაც ვუსმენთ, სურთ, რუსული ნარატივი შემოიტანონ ამ საკითხში. მათ ვურჩევდი, პირველ რიგში, დაინტერესდნენ იმ რუსული რუბლების წარმომავლობით, რომლითაც მათი ლიდერები ფინანსდებიან, სად და როგორ იხარჯება ეს ფული და რა მიზნით იღებენ ფინანსებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ მათ მუშაობის დროს სწორება აიღეს ზუსტად საუკეთესო ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რითიც შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.