რატი იონათამიშვილი - ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, შეიძლება, ბევრს არ ეგონა
რატი იონათამიშვილი - ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, შეიძლება, ბევრს არ ეგონა

ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, გიული ალასანია მონაწილეობს.

„ტერიტორიები რატომ გადასცეს, ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს? სტრატეგიული ობიექტები ომის შემდეგ რატომ გადასცეს? მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს? იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე. მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, – წერს იონათამიშვილი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.

„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.