რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაფორმდა, როგორც ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური პარტია
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაფორმდა, როგორც ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური პარტია

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაფორმდა, როგორც ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური პარტია ჩვენს ქვეყანაში. ამ განცხადებების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მოწოდება ძალადობისკენ, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს, შეთანხმების შემდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოღმით და ძალადობის მოწოდებით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს ევროპულ სტანდარტს აცდენილია და საერთო აქვს მხოლოდ რუსულ პოლიტიკურ პრაქტიკასთან. შეთანხმება შედგა, შეთანხმებაში ყველა პუნქტი, მათ შორის ამნისტიის კანონი დეტალურად და მკაფიოდ არის გაწერილი, აქ ინტერპრეტაციების ადგილი არ არის. ინტერპრეტაციები არაკომპეტენტურობის შედეგია, ან ერთგვარი ხრიკი იმისთვის რომ ვინმემ ეს შეთანხმება დატოვოს და მის წინააღმდეგ გამოვიდეს. ცხადია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვინაიდან, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს სათანადო ყურადღებას მიაქცევს.