რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გაფორმდა ყველაზე არასერიოზულ ორგანიზაციად, რომელიც დესტრუქციისკენაა მოწოდებული
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გაფორმდა ყველაზე არასერიოზულ ორგანიზაციად, რომელიც დესტრუქციისკენაა მოწოდებული

ევროკავშირმა გირაოს გადახდით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მელიას მიმართ საქმე სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.

„ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს. ევროკავშირმა გირაოს გადახდით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი, სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს. საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია, რომ, მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტს“, – იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში გაფორმდა ყველაზე არასერიოზულ ორგანიზაციად, ამიტომ მათ ნაბიჯებზე ვერ ისაუბრებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში გაფორმდა, როგორც ყველაზე არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენაა მოწოდებული. ამიტომ მათ ნაბიჯებზე ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ ისინი ყოველ ჯერზე იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს და, რაც მთავარია, დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს. ისინი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა. გულწრფელად, რომ გითხრათ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ თუ არა. ისინი საქართველოში დარჩებიან როგორც ყველაზე არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამატარებელი ორგანიზაცია“,  – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.