რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, აწყობენ შოუს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, აწყობენ შოუს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტში რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის აქტი იყო.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.

„რადიკალური ოპოზიცია, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით, არაფერს აკეთებს. ჩვენი მხრიდან გუშინ იყო სოლიდარობის აქტი, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი მიზანი აქვს – რამენაირად ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი. ისინი აწყობენ შოუს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. „ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.