რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს, სულ უფრო მეტად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე
რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს, სულ უფრო მეტად იყოს მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს ხელისუფლება, სულ უფრო მეტად იყოს მორგებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც მედიკამენტებთან დაკავშირებით 3 სექტემბრიდან შედის ძალაში მისასალმებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს ხელისუფლება, სულ უფრო მეტად იყოს მორგებული ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე. ჯანმრთელობის უფლების დაცვა, ეს არის უმთავრესი, რაზეც იგება სოციალური პოლიტიკა და სამართლიანობა. პირველ რიგში, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების მკურნალობა ესაჭიროება. მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება, მათ ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50% და მეტი ოდენობით ფასდაკლება შეეხება. ფასდაკლება ვრცელდება გულსისხლძარღვთა სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის ქრონიკული დაავადებებზე და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს და ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად შეიძინონ მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება.  ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ახალ ფასებს აქვეყნებს, რომელთაც ფასდაკლება შეეხება.