რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რადგან უნდა, უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება
რატი იონათამიშვილი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რადგან უნდა, უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას უნდა უმძიმესი დანაშაულები შერჩეს და არა იმიტომ, რომ მის ირგვლივ რაიმე უსამართლობა ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა.

„შიმშილობის ყოველ დღეს საზოგადოებას ეუბნება, რომ გირგვლიანის საქმე, პატიმრების წამება, ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება ნორმალური იყო, რასაც დანაშაულებრივი სისტემა თავს ატეხდა თითოეულ ოჯახს. ეს ემსახურება ესკალაციის შეტანას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობა არის ხელოვნურად დღის წესრიგის შექმნა და თემების შემოტანა პოლიტიკურ დისკუსიაში, რაც დაცლილია ყოველგვარი საფუძვლისგან, ლოგიკურობისგან და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისი სახელი ხშირად იყოს ნახსენები ტელეეთერში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა” გრძნობს, რომ მათთან მარცხი ახლოს არის, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მიმართავენ.

„ეს არის პროცოკაციები, ესკალაციის შემოტანა და მუდმივი მცდელობა, რომ დაძაბულობა და სიძულვილი ძლიერდებოდეს, რაც არის მავნებლობა. ამ ადამიანებს მარცხის ღირსეულად მიღების არანაირი უნარი არ აქვთ, მაგრამ მოუწევთ, მათთვის ძალიან მძიმე და ქვეყნისთვის პროგრესულ რეალობას შეეგუონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

„ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ვისაც ეს სტანდარტი აინტერესებს, პირველ რიგში, მან თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მიმართ უნდა დააფიქსიროს, ვინაიდან ეს ერთგვარი სუიციდის ფასადური აქტია, რომელიც მიუღებელია და 21-ე საუკუნის პროტესტის სტდანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის. ეს მხოლოდ იმ მოტივით ნაკარნახევი ქმედებაა, რომ მას ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული უნდა შერჩეს.

როცა ის შიმშილობს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს გირგვლიანის მიმართ, ასევე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომლებსაც სასტიკად სცემდა და სიკვდილამდე მიჰყავდა. იმ საქმეებზე ვსაუბრობ, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ვერდიქტებში წერდა. როცა გარკვეულ დაჯგუფებებს სურთ, სააკაშვილის შიმშილობა შეიფუთოს, როგორც პროტესტის აქტი, ეს ფასადური მცდელობაა. რეალურად, ეს არის მხოლოდ იმის აღიარება, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დატოვე კომენტარი