რატი იონათამიშვილი – მარიამობას 226 მსჯავრდებული საკუთარ ოჯახებში შეხვდა, ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა, მისცა შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ კეთილსინდისიერ ცხოვრების წესს
28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შანსი, დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იონათამიშვილის განცხადებით, შეწყალების აღნიშნული აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღევანდელობაში ახორციელებს
„შეწყალების ეს აქტი არის იმ ჰუმანური პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. შეგახსენებთ, მხოლოდ დაბალანსებული ამნისტიის იმ კანონის საფუძველზე, რომელიც 2024 წელს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, 1,000-ზე მეტმა მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება და 7,000-ზე მეტ პრობაციონერს შეეხო. თუმცა მისი საბოლოო ეფექტი არასაპატიმრო სასჯელის ზომების გამოყენების შესაძლებლობის შექმნაში რეალურად კიდევ უფრო მეტი იყო. ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პირებისგან, ვისაც 2012 წელს 24,500 პატიმარი ჰყავდა ციხეებში გამოკეტილი და ერთ პატიმარზე თვეში დამამცირებლად ცოტას – 300 ლარსაც კი არ ხარჯავდა. ცნობისთვის, ეს თანხა ერთ პატიმარზე დღეს თვეში 2,000 ლარამდეა გაზრდილი.
მინდა, ყურადღება მივაპყრო იმ ცხრა პირზე, რომლებიც ძალადობდნენ აქციაზე, იხდიდნენ სასჯელს, შემდეგ მოინანიეს დანაშაული და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ შეწყალების ან ამნისტიის საკითხის განხილვისთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი წინაპირობა დანაშაულის აღიარება, სინანული და მონანიება იყო. და ეს ასეც მოხდა, მაგრამ ის რეაგირება, რაც ჩვენ ამ ცხრა პირის მიმართ რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ვიხილეთ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ სტანდარტს ცდება და ამორალური პროპაგანდის ფსკერს წარმოადგენს. ფაქტია, რომ უსამშობლო აგენტები ამ ახალგაზრდებს ძალადობისა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ და აგენტურულ ჯგუფებს გაუხარდათ მათი დაპატიმრება და ძალიან ეწყინათ გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტის ჰუმანურმა აქტმა, ამ ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.