რატი იონათამიშვილი - მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, პირდაპირ სახელებითა და გვარებით დაასახელოს, ვინ არის საქართველოს მოღალატე, ვინ მტრობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას
რატი იონათამიშვილი - მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, პირდაპირ სახელებითა და გვარებით დაასახელოს, ვინ არის საქართველოს მოღალატე, ვინ მტრობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას

მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, პირდაპირ სახელებითა და გვარებით დაასახელოს, ვინ არის საქართველოს მოღალატე, ვინ მტრობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას, რადგან ნებისმიერი ადამიანი, ვინც ასეთ განცხადებას გააკეთებს, იმას ნიშნავს, რომ ის არის პირდაპირ მოღალატე საქართველოს ეროვნული ინტერესების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მამუკა ხაზარაძე თუ მესამე პირში ისაუბრებს, ისიც მათი თანამონაწილე იქნება და ისტორიას ასე დარჩება“.

„სხვა შემთხვევაში, ვალდებულია, დაასახელოს, ვინ აყენებს პირად კეთილდღეობას სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა: რასაც ვხედავ, ეს ხალხია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დემოკრატიას და ჩვენს ქვეყანას. თავის დროზე ეს ხალხი ხელს უშლიდა, როგორც ასოცირების შეთანხმებას, ასევე უვიზო მიმოსვლას. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს ეს არ ათავისუფლებს, რომ პირდაპირ გვარები დაასახელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათი თანამზრახველი გახდება. ამ ადამიანებს არ უყვართ ქვეყანა და სამშობლო, მათ უნდათ პირადი კეთილდღეობა და ძალაუფლება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით“.