რატი იონათამიშვილი - მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და პერსონალურად ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, რომელიც პარალიმპიური მოძრაობის დიდი მეგობარია #1TVSPORT
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და პერსონალურად ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, რომელიც ჩვენი მოძრაობის დიდი მეგობარია. პირველი არხი და უკვე პირველი არხი სპორტი მეორედ აჩვენებდა პარალიმპიურ თამაშებს, – ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ეს ყველაფერი პარალიმპიელებისთვის დამატებითი მოტივაციაა და ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.
„იქ (პარიზში) ბევრი გვეკითხებოდა, იყო თუ არა ტრანსლაციები საქართველოში და როცა ვეუბნებოდით, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, სასიამოვნოდ ვაკვირვებდით ძალიან ბევრ ქვეყანასა და დელეგაციას.
აღვნიშნავ, რომ ჩვენ 14 გმირი პარაათლეტი გვყავს და სინამდვილეში მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. პარიზში ამ 14-დან განსაკუთრებით ცხრამ გამოიჩინა თავი, მაგრამ ჩვენ გვყავს დიდი ოჯახი, ვავითარებთ სპორტის სხვადასხვა სახეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიტყვა ჯერ კიდევ არ გვითქვამს და ჩვენი ქვეყანა კიდევ ბევრჯერ იამაყებს პარაათლეტების სერიოზული წარმატებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა გადაცემა „ტაიმაუტში“.