რატი იონათამიშვილი – „გამჭვირვალობის“, „მანიფესტაციების შესახებ“ კანონს აკრიტიკებდნენ და ახლა ამ მიმართულებით უფრო მკაცრ კანონმდებლობას იღებენ, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში

13:43, 22.10.2026

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ჯერ საქართველოში აკრიტიკებდნენ და შემდეგ მისი უფრო მკაცრი ფორმები მიიღეს. შემდეგ „მანიფესტაციების შესახებ“ კანონს აკრიტიკებდნენ და ახლა ამ მიმართულებითაც უფრო მკაცრ კანონმდებლობას იღებენ, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთში, – ამის შესახებ პარლენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის შინაგანი საქმეთა მინისტრის მოხსენება იმის აღიარება იყო, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა მაღალი ჩინის წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ესხმოდნენ თავს საქართველოს.

„სწორედ მანიპულაციებით ცდილობდნენ, საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის წახალისებას. ვერ მოახერხეს, მაგრამ მათი მცდელობა მასშტაბური იყო და შს მინისტრის განცხადების შემდეგ მაკრონსაც ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოს საზოგადოების წინაშე. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს ადამიანები კადრულობენ, საქართველოს ზემოდან უყურებენ. ამას კი ქართველები არ დავუშვებთ, ამის უფლებას არავის მივცემთ, რადგან ამის არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვთ. თუ ისინი საქართველოში წაახალისებენ ძალადობას, პროცესები არ იქნება გამჭვირვალე და საზოგადოების ინფორმირება იქნება შელახული, ეს ნორმად მიაჩნიათ, მაგრამ თურმე მათ ქვეყნებში ამის დაშვება არ შეიძლება. ეს არც საქართველოში არ შეიძლება და არც საფრანგეთში. სამწუხაროდ, ისინი არ არიან ობიექტური, არიან სუბიექტურად მოტივირებული და სამართლიანობის საპირისპიროდ მოქმედებენ. ფაქტობრივად, საერთაშორისო დონეზე ამ დამოკიდებულებით საკუთარი ქვეყნების იმიჯს და რეპუტაციას ლახავენ. უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები ან უნდა შეეგუონ იმ რეალობას, რომ რაც დრო გადის, მათი რეიტინგები სულ უფრო მეტად უარყოფით პოზიციებს ამყარებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი