რატი იონათამიშვილი - ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე, სულ მცირე, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა შიდა და გარე აქტორს, ვინც თავს ესხმოდა საქართველოს
რატი იონათამიშვილი - ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე, სულ მცირე, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა შიდა და გარე აქტორს, ვინც თავს ესხმოდა საქართველოს

დღეს ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითიც სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა შიდა და გარე აქტორს, ვინც თავს ესხმოდა საქართველოს და ქვეყნის უარყოფითად წარმოეჩენას ცდილობდა.

„პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე უკვე მეორედ წააგო სტრასბურგში, რასაც სამართლებრივ შედეგებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და მორალური შედეგები. სააკაშვილის პატიმრობის დღიდან არაერთი უსაფუძვლო აგრესია, ზიზღის კამპანია და ცილისწამება ვიხილეთ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების, არამედ მართლმსაჯულებისა და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვისი ვერდიქტიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა. ვფიქრობ, სულ მცირე, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და პირადად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, ვინც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რეპუტაციას და ღირსებას იცავდა“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.