რატი იონათამიშვილი - ელენე ხოშტარიას ყველა ქმედება, დაწყებული სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით და გაგრძელებული დღევანდელი აქციით, რუსულ ჰიბრიდულ ძალასთანაა კავშირში
ამ ადამიანის ყველა ქმედება, დაწყებული პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებით და გაგრძელებული თუნდაც, დღევანდელი აქციის ჩათვლით, ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ჰიბრიდულ ძალასთან კავშირში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
იონათამიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეროვნულობის მოტივით, სინამდვილეში, უცხო ქვეყნის გაძლიერებას უწყობენ ხელს.
„მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, ვინაიდან, ჩვენი საზოგადოება გონივრულად აფასებს ამ ქმედებებს, როდესაც მოსკოვიდან დაფინანსებული თანხებით ხდება გარკვეული ღონისძიებების გამართვა. ეს შეიძლება, მხოლოდ რუსეთის ინტერესში იყოს, მაგრამ რუსეთის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ვერსადრის ფეხს ვერ მოიკიდებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.