რატი იონათამიშვილი - ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია, ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით
რატი იონათამიშვილი - ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია, ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რაც მეტს ილაპარაკებს საპროტესტო აქციებზე, მით უკეთესი იქნება საერთო ფონისთვის, რადგან მათ მიერ აქციებზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო მზარდი დეგრადირებით მთავრდება.

იონათამიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება, რადგან სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„ამ პარტიის დეგრადაციის პროცესს მხოლოდ მივესალმებით, რადგან საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდში პოლარიზაცია შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად დასუსტებულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საკითხზე საუბრისას იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპების შეურაცხყოფას ნიშნავს.