რატი ბრეგაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი
რატი ბრეგაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი

თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვას, რომელიც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას ეხებოდა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინტერპელაციის კითხვა დაისვა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც პენიტენციურ სამსახურში ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, კითხვის დაზუსტებისას დეპუტატი მხოლოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდა.

რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.

„დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში გვაქვს 10 525 სტანდარტის შესაბამისი ადგილი, სადაც განთავსებულია 9 430 მსჯავრდებული. შესაბამისად, ყველა სტანდარტი არის დაცული. ახალი სტანდარტის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული 48 მენიუ შემუშავდა პატიმრებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ყველა დაწესებულებაში მოქმედებენ პირველადი ჯანდაცვის გუნდები და 2021 წელს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ იქნა 5 522 პატიმარი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები – ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის ელიმინაციის და სხვა. მისივე თქმით, ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ფსიქიატრის კონსულტაცია, რამაც შესაძლებელი გახადა 700-მდე პატიმრის გამოყვანა სუიციდური კრიზისიდან.

„2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა იყო 144, დღეს ეს მონაცემი ზუსტად შვიდჯერ არის შემცირებული. სამწუხაროდ, 2021 წელს გარდაცვლილი იყო 20 პატიმარი, აქედან 12 – სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.