რატი ბრეგაძემ ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო
რატი ბრეგაძემ ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს უწყების ათწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

ფოთის იუსტიციის სახლი რიგით მეხუთეა, რომლის თანამშრომლებსაც იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს განვითარების ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ უწყების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები მათ პირადად გააცნო. ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

ერთ-ერთი სიახლე, რაც სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის ნაწილია, არის Just App, იგივე ციფრული იუსტიციის სახლი. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით დისტანციურად შეეძლება.

10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო კიდევ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორისაა „მობილური იუსტიციის სახლი“, ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, „პრობ ბოქსი“ და სხვა.

ფოთის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ხვალ უკვე სამეგრელოს ეწვევა. რატი ბრეგაძე სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნობს.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი ჩხოროწყუში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ეს იქნება რიგით მეცხრე ფილიალი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში მოქალაქეებს მოემსახურება.

ამასთან, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნება. პრობაციის ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

რატი ბრეგაძემ უწყების სტრატეგია უკვე წარუდგინა ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის მინისტრი სამინისტროს განვითარების ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას რეგიონებში მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.