რატი ბრეგაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
რატი ბრეგაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, – იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა და თურქეთის ელჩმა განაცხადეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერისა და იუსტიციის სფეროში ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უფრო ფართო პოტენციალი არსებობს, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის შემუშავების შესახებ.

როგორც შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შერბილების და ორმხრივი ვიზიტების აღდგენის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება როგორც საექსპერტო, ისე პოლიტიკურ დონეზე.