რატი ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, მთელი პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ, კრახით დასრულდა
რატი ბრეგაძე - სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, მთელი პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ, კრახით დასრულდა

შევთავაზეთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. წმინდა წყლის ტყუილია, რომ პოლონელ ექიმებს ჩვენ არ მივეცით ჩამოსვლის უფლება, მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით, – ამის  შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

რატი ბრეგაძემ განმარტა, რა იყო მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად უცხოელი ექიმები ვერ ჩამოვიდნენ.

„მას ჰქონდა შიმშილობის ოთხი ეპიზოდი, შემდეგ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება სრულად იყოს უზრუნველყოფილი, ამის მეტს ვერცერთი სახელმწიფო გააკეთებს. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც მას სამედიცინო პერსონალმა შესთავაზა გადასხმის გაკეთება, თქვა, რომ გადასხმას გაიკეთებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეანიმაციაში გადაიყვანდნენ. საჭირო იყო, დამატებით გაჩენილიყო მედიასაშუალებებში ახალი წარწერა, რომ სააკაშვილი რეანიმაციაშია. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელ ამ დინამიკას, რომ ადამიანი შერჩევითად მკურნალობდა, შიმშილობდა, რათა წონაში დაეკლო. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ახლაც მოწადინებული ვართ, რომ ის იყოს ჯანმრთელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი. მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილებოდა ამას, უნდობლობაც კი გამოუცხადა ხან ქართველ ექიმებს და ხან კლინიკას.

ჩვენი მოქმედება სიტუაციის შესაბამისი უნდა ყოფილიყო, თუკი ადამიანი მიდის იქითკენ, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენც უნდა გვემოქმედა. უცხოეთში გაშვების სამართლებრივი მექანიზმი (ასევე სხვა პატიმრების შემთხვევაში) ჩვენ არ გვაქვს და შევთავაზეთ, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან და ჩაერთოთ მკურნალობაში, რაშიც ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობდით. ამის შემდეგ გამუდმებით გვესმის, რომ ჩამოდიან პოლონელი ექიმები, თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ზოლზეა დამდგარი, უნდა გამოფრინდეს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას. ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, რადგან მათ არ მოუმართავთ შესაბამისი ფორმით. მრავალჯერ ვუთხარით, რომ არის აუცილებელი გარკვეული დეტალების გავლა – ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს შეუძლია, აქვს უფლება, რომ მის მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმი. ამისთვის უნდა მოგვმართონ შესაბამისი ფორმით, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ნამდვილად არის ექიმი და სჭირდება შესაბამისი ლიცენზია. ჩვენთან ეს დღემდე არავის გაუკეთებია, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთხელ შემოვიდა წერილი, სადაც უბრალოდ საუბარი იყო გარკვეულ ექიმებზე, რომ მათ სურთ ჩამოსვლა და ა.შ. ამ წერილზე ბატონმა ჩალაძემ ტყუილი დამაბრალა, ააფრიალა რაღაც ფურცელი, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ თავად ის იყო მატყუარა და არა სხვა, რადგან არ იყო შემოსული წერილი იმ დროს, როდესაც მე ვთქვი, რომ ინფორმაცია არ გვქონდა მოწოდებული. შემდეგ ისევ გამოგზავნეს წერილი, ისევ არასწორი ფორმით, რაზეც ჩვენ ისევ დავუბრუნეთ პასუხი და მივუთითეთ, ვასწავლეთ, რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ. ახლა მე გისვამთ შეკითხვას, თუკი გულშემატკივრობ ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც ამდენი ადვოკატი ჰყავთ, ამდენი პოლიტიკური ლიდერი, ნუთუ არ არის შესაძლებელი, ელემენტარული წერილი წარმოადგინო, რომელიც შედგენილია კანონმდებლობით დაცული ფორმით? ვიხრები იმ ვერსიისკენ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული იყო შეგნებულად, რათა შემდგომში გაჩენილიყო პრესის ფურცლებზე, თითქოსდა ვინმეს საქართველოში არ უშვებენ. ამ ადამიანების სტრატეგიაა – მთავარია, დაგაბრალო და მერე უარყოფას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იტყოდნენ ტყუილს, ჩვენ ვახვედრებდით სიმართლეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რასაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს.

„ამავე გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარკამპანია, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.