რატი ბრეგაძე - სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში
რატი ბრეგაძე - სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სომხეთში ვიზიტი გრძელდება. რატი ბრეგაძემ და მისმა კოლეგამ, კარენ ანდრესიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ბრიფინგი გამართეს.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენ შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში; ჩამოვიყვანეთ როგორც იუსტიციის სახლი, რომლის საშუალებითაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ სახელმწიფო მომსახურება, რომელთაც გავცემთ იუსტიციის სახლებში, ისე, მაგალითად, სასჯელაღსრულების სფეროში ჩვენი ინოვაციური პროდუქტი PROBBOX, რომლის მეშვეობითაც პრობაციონერებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რომელთაც აქამდე იღებდნენ პრობაციის ბიუროებში“, – აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ ერთი მიმართულება დოკუმენტების გაყალბების პრევენცია იქნება.

„ჩვენ, ასევე, შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ დოკუმენტების გაყალბების პრევენციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი სახელმწიფოების მოქალაქეებს დაიცავს კიდევ უფრო მეტად“, – თქვა რატი ბრეგაძემ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძესთან ის გამოწვევები განიხილა, რაც სომხეთს პრობაციის სფეროსა და ერთიანი მომსახურების სისტემის დანერგვის მიმართულებებით აქვს. კარენ ანდრესიანის თქმით, საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება სომხეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია: „საქართველოს აქვს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ამ სფეროში. თუნდაც, იუსტიციის სახლები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, რომ ჩამოიყვანეთ და გვიჩვენეთ მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილები“.

ქართული დელეგაციის ვიზიტი სომხეთში დღეს სომხეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დღესვე იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური  სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი მასშტაბურ პრეზენტაციას გამართავენ საქართველოში იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

დატოვე კომენტარი